ოთხ, 2025-08-27, 4:11 AM
Welcome სტუმარი | RSS

ომარ შუდრა

File Catalog

მთავარი » ფაილები » მეთოდური და პოპულარული სტატიები

ნეპოტიზმი, სნობიზმი და კორპორაციული კულტურა
[ ] 2012-01-30, 9:14 PM

ნეპოტიზმი, სნობიზმი და კორპორაციული კულტურა
 
პროფ. ომარ შუდრა
 
    ჩვენმა მენტალიტეტმა, განსაკუთრებით კი სამუშაო ადგილების დიდმა დეფიციტმა, გარკვეულწილად ხელი შეუწყო მახინჯი მოვლენის - ნეპოტიზმის გავრცელებას, რომელიც "ნათლიმამობის”, "ნათესაობის” ევროპული ანალოგია. ნეპოტიზმი (ლათ. - ძმისშვილი) იტალიური სიტყვაა და ადრეული აღორძინების ეპოქიდანაა, როცა რომის პაპებმა თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის შემოსავლიანი თანამდებობები და მიწები ახლო ნათესავებს გადასცეს. ნეპოტიზმი მავნეა იმით, რომ ადამიანი ინიშნება თანამდებობაზე პროფესიული შერჩევის გარეშე და ხშირად კარგი მუშაკიც არაა.
    ამჟამად ნეპოტიზმი უმეტეს ქვეყნებშია გავრცელებული: ჩინოვნიკებს, როგორც წესი, არ აქვთ შვილებზე თავიანთი ძალაუფლების პირდაპირი გადაცემის საშუალება, ამიტომ ამას ახორციელებენ ახლობლების დახმარებით. "ყველაზე უკეთ მაინც ნათესავები მუშაობენ” - ესაა მათი მთავარი არგუმენტი, რომელიც სამართლიანია მხოლოდ "მცირე დისტანციებზე” - პირადი სარგებლის, მოგების ასპექტში. პერსპექტივაში კი ეს ხელს უშლის დაწესებულების იმიჯს, ორგანიზაციულ წესრიგს და ფინანსურ წარმატებას.
      გაჩნდა ახალი ტერმინიც კი - კრონიზმი (ინგლ. - Crony capitalism), რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც ნათლიმამური, "ძველბიჭური" კაპიტალიზმი, სადაც წარმატება სახელმწიფო მოხელეებთან პირად კავშირებზეა დამოკიდებული. კრონიზმი - ესაა ფავორიტიზმი ძველი მეგობრების მიმართ (მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა). ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველგანაა გავრცელებული, ასევე მთელს მსოფლიოში.
    გაეროს კონვენციით, ნეპოტიზმი კორუპციის ფორმად ითვლება. კორუპციის (ლათ. - გარყვნა) სხვადასხვა გამოვლენას სხვადასხვა ეთიკური შეფასება აქვს. ზოგი ქმედება დანაშაულად ითვლება, ზოგი კი - მხოლოდ არაზნეობრივად. ნათლიმამობას და მფარველობას კი საყოფაცხოვრებო კორუპციას მიაკუთვნებენ. ნეპოტიზმის ჭაობში ჩაფლულია ჩვენს საზოგადოებაში პატიოსნებით და მამულიშვილობით ცნობილი პატრიოტების უახლესი გარემოცვაც (იყენებენ რა მათ დაძაბულ სამუშაო განრიგს, მოუცლელობას).
   ჩვენს დაწესებულებებში, გარდა ნეპოტიზმისა და კრონიზმისა გავრცელებულია ინტელექტუალური და პროფესიული სნობიზმი (სნობი ლათ. - წარმომავლობის გარეშე, მდაბიო). გავრცელებულია ყველგან, სადაც პირველ ადგილზე დგას არა საქმე, პროფესიონალიზმი, არამედ პირადი ამბიცია. სნობი - ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ინტელექტუალობაზე და დახვეწილ გემოვნებაზე. სნობი არის პრეტენზიული, ამპარტავანი, არასაიმედო, სუსტი, ეგოისტი, ავი, შეშინებული, უხეში, ზედაპირული და ა.შ., თუმცა ის პრეტენზიას "პირველი ვიოლინოს” როლზე აცხადებს. სინამდვილეში, სნობი არაა დარწმუნებული თავში, ამიტომ ცდილობს ამა ქვეყნის ძლიერებთან ნაცნობობის დამყარებას, "თბილი” ადგილის დაკავებას. ის იკვებება უარყოფითი ენერგიით, ჩვენი დამცირების, უხერხულობის ხარჯზე. ეს მისთვის, როგორც უღიმღამო, უნიჭო ადამიანისთვის, სულის ბალზამია. ახალბედა თანამშრომელი პირველ ხანებში მათ "წმინდა რიგებში” მოხვედრას ცდილობს, ვიდრე არ მიხვდება, რომ უაზრობაა მთავარ სნობთან გატოლება - მან ყოველივე ადამიანური დიდი ხანია დაკარგა...
     ცხოვრებაში, მუშაობაში (რომელსაც ჩვენ ვუთმობთ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილს) მთავარია არა კორპორაციული კულტურა, არამედ საერთოდ კულტურა: ადამიანის თანაგრძნობა, წახალისება, რომლის გარეშეც ძნელია არსებობა. როცა ამ საკითხებს ვაქცევთ ყურადღებას, ვამჩნევთ, რომ უფრო "ადვილად ვსუნთქავთ” და სამსახურში წასვლაც გვეხალისება.
    თუ თქვენ არ მოგწონთ სამსახურებრივი ურთიერთობები, გაიქეცით, ეძებეთ, აუცილებლად იპოვით ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებს, კარგ შემოქმედებით კოლექტივს, რომელიც, საერთო ძალისხმევით, ადვილად მკურნალობს თავის პატარა სნობებს. ამრიგად, საერთო უკულტურობა რეალურად კორპორაციული კულტურის სამოსშია გახვეული, სადაც ერთი შეხედვით, ყველაფერი თავის ადგილზეა: მკაცრი სუბორდინაცია, დებულებათა სისტემა, აწყობილი დოკუმენტბრუნვა, ყველაფრის მკაცრი განრიგი, თავისებური ურთიერთობები - შესვენებაზე სიგარეტის მოწევის "ელიტური” მანერაც კი... მაგრამ ყოველივე ეს, საქმეს მხოლოდ სიტყვიერად ემსახურება, რეალურად კი, ემსახურება ერთის ამპარტავნობას მეორის დამცირების ხარჯზე... და თუ დროზე არ მოერგეთ მათ ჩარჩოებს, შეიძლება სამსახურის გარეშეც კი დარჩეთ...
    ეს შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ არ დაუშვებთ გავრცელებულ შეცდომებს: 1. ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი. საჭიროა ვისწავლოთ მტკიცე "არა" - გარკვეულად, სწრაფად და დარწმუნებული ტონით. 2. "შავი” საქმის შესრულებით ვაჩვენებთ მხოლოდ ჩვენს შრომისმოყვარეობას, რეალურად კი უფრო სჭირდებათ ახალი იდეები და წინადადებები. 3. სუსტი ხასიათი და პასიურობა. ვინც დამოკიდებულია წესებზე, წინ ვერ წავა. თქვენ თქვენი გზით უნდა იაროთ. საკუთარი აზრის დამალვა (რათა არავის ვეწყენინოთ) დიპლომატია არაა. მოითხოვეთ, რომ მიიღოთ. წარმატებულია ის, ვინც თავის მოთხოვნებს, იდეებს, გარკვევით აყალიბებს. 4. სტრესები და ნერვიული გადაღლა მიმდინარე საქმიდან მოწყვეტას მოყვება, რადგან იგივე საქმეზე დაბრუნებაზე საშუალოდ 25 წუთი იხარჯება. შრომის სწორი ორგანიზაციით ყოველმხრივ აიცილეთ ეს (ტელეფონი, მომსვლელები, კოლეგებთან ურთიერთობის სტილი და ა.შ.)      
     ზოგადად, მართვის პრინციპი თვითონ შეიცავს კორუპციის პოტენციალურ შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა იქცევა ობიექტურ პირობად, როცა ჩინოვნიკის პოტენციალური რენტა აჭარბებს რისკებს. პრაქტიკაში, ინსტრუქციები იცვლებიან გაცილებით ნელა, ვიდრე გარე პირობები. გარდა ამისა, შეუძლებელია სრული კონტროლი. ამასთან, მკაცრი კონტროლი მართვის ხარისხს დარტყმის ქვეშ აყენებს (გარბიან შემოქმედებითად მოაზროვნე კადრები).
     დღეისათვის პედაგოგიკაში და მენეჯმენტში არ არსებობენ მეთოდები, რომლებიც იძლევიან გარანტიას, რომ ადამიანი იდეალური ჩინოვნიკი იქნება. მაგრამ, არის ქვეყნები კორუპციის ძალიან დაბალი დონით. კორუპციასთან ბრძოლამ კარგი შედეგები გამოიღო სინგაპურში, ჰონკონგში, პორტუგალიაში, შვეციაში. მინიმალურია კორუპცია კანადაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ავსტრალიაში.
     მართვის პრინციპს, როცა ხელმძღვანელ თანამდებობებს ყველაზე ნიჭიერები იკავებენ (მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური პოტენციალისა), მერიტოკრატია (ლათ. - ღირსეულთა ძალაუფლება) ეწოდება. უფრო ზუსტად, აქ იგულისხმება საწყისი პირობების შექმნა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის, რათა მომავალში მათ ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკავების შანსი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში.*  ეს პრინციპი, ძირითადად, უკვე რეალიზებულია აშშ-ში. უკრაინაში კი, ამ იდეოლოგიის განვითარების მიზნით, ახლახანს დარეგისტრირდა მერიტოკრატიული პარტია.
 
----------------
*ეს პრინციპი, ძირითადად, უკვე რეალიზებულია აშშ-ში. უკრაინაში კი, ამ იდეოლოგიის განვითარების მიზნით, ახლახანს დარეგისტრირდა მერიტოკრატიული პარტია.
Category: მეთოდური და პოპულარული სტატიები | Added by: omarshudra
Views: 3087 | Downloads: 0
მენიუ
კატალოგი
ბიოგრაფია
მეთოდური და პოპულარული სტატიები
წიგნი"ოფისის მართვის საკითხები"
ლექციები სხვადასხვა კურსებზე
ტესტები
მოგონებები
ძიება
Copyright MyCorp © 2025
Make a free website with uCoz