საქმიანი საუბრის კულტურა
ჩვენს სინამდვილეში (განსაკუთრებით დაბალ და საშუალო რანგის ხელმძღვანელთა დონეზე) ძალიან ძნელია თუნდაც წინასწარ დანიშნული საქმიანი საუბრის ყველა წესების დაცვით წარმართვა. მართლაც, ადმინისტრაციული ქაოსით (თუ კორუფციით) გადაღლილი მენეჯერი გვისმენს უყურადღებოდ, წამდაუწუმ გვაკარგვინებს საუბრის აზრს მისი ტელეფონი, მდივანი, ან მასთან ”დაახლოებული” თანამშრომელი, რომელიც (თუ ხასიათის სიმტკიცე არ გამოვიჩინეთ) საუბარშიც კი ჩაერევა უაზროდ…
საქმიან პარტნიორთან მოლაპარაკებას, კლიენტთან საუბარს, კაბინეტში მიღებას, ახალ თანამშრომელთან გასაუბრებას თავ-თავისი სპეციფიკა აქვს. თუმცა ყველას ერთი საერთო საფუძველი აქვთ - საქმიანი საუბრის კულტურა.
საქმიანი პარტნიორი, კლიენტი მისალმების შემდეგ, სასიამოვნო საუბრით (”ადვილად მოგვაგენით?”) უნდა მივაცილოთ მაგიდამდე. თუკი საუბარს ორზე მეტი პირი ესწრება , აუცილებელია მათი წარდგენა (ასეთ შემთხვევაში უკეთესია საუბარი მრგვალი ფორმის მაგიდასთან). ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ თუნდაც ყავის ან ჩაის შეთავაზება თანამოსაუბრეს მხოლოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ყურადღების კონცენტრაცია რთულდება.
დასაწყისში, ოფიციალურ ნაწილზე გადასვლამდე, ”თავისუფალი ატმოსფეროს” შექმნაა საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას, პირველ სიტყვებს. ამიტომ საჭიროა გამოვიყურებოდეთ დასვენებულად და თავისუფლად. არ შეიძლება ავეჯის გადაადგილება, ფორიაქი, ძლიერი დაინტერესების გამოჩენა, საუბრის დაწყება აგრესიით, ყოყმანით ან კამათით. პირიქით, რამდენიმე თბილი სიტყვა ხუმრობა, პატივისცემის გამოხატვა ხსნის საწყის დაძაბულობას.
უკვე ამ ეტაპზე ეცადეთ შეაჩვიოთ მოსაუბრე დადებით (”ჰო”) პასუხებს, ხოლო თქვენი საუბრი ს ტემპი შეუფარდოთ მისი სუნთქვის რითმს.
შემდგომ, ინფორმაციის გადაცემის ფაზაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რამდენად სწორად ესმის თანამოსაუბრეს თქვენი, რადგან მოლაპარაკების შედეგები ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს.
საუბრის მონაწილეებს თავიანთი ინტერესები აქვთ. შეთანხმება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გამოინახება ინტერესების გადაკვეთის სფერო (ამიტომ უნდა გვქონდეს შეთანხმების რამდენიმე ვარიანტი). მენეჯერი კარგი მსმენელიც უნდა იყოს: თანამედროვე ადამიანი ისეა გადატვირთული ინფორმაციით, რომ საუბარი, რომელსაც ემოციურობა აკლია, შეიძლება ვერც გაიგოს (ტონს, ტემბრს, ინტონაციას ინფორმაციის 40 პროცენტი გადააქვს). ამიტომაა, რომ მოსმენის უნარი დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღება.
საერთოდ, საუბრის ეფექტურობა დამოკიდებულია მოსაუბრის მეტყველების კულტურაზე, მის სიტყვათა მარაგზე. ცხადია, საუბარში არ უნდა გამჟღავნდეს ფირმის კომერციული საიდუმლოება და საქმეზე უნდა ვესაუბროდ მხოლოდ იმას, ვისაც სათანადო უფლებები აქვს.
საქმიანი საუბრის შემდეგი ფაზა - დასაბუთება - რთული პროცესია. იგი მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, ციფრების და გრაფიკების წარმოდგენას, წინასწარ მოფიქრებულ შეკითხვებს, დასაშვებია ე. წ. ”ჟურნალისტური (ვინ,სად,როდის, რატომ, როგორ) მეთოდი ან კითხვები, რომლებზეც მოსალოდნელია ”ჰო-არა” პასუხი.
საუბრის კულტურა მოითხოვს თავშეკავებას სპეკულაციური (ხალხური ) მეთოდებისაგან: ავტორიტეტული სახელის ხსენება,სახუმარო ტონი დაბნევის მიზნით,მოსაუბრის აზრის დემაგოგიური დამახინჯება,საქმიდან მორალზე გადასვლა და ბოლოს (ყველაზე აკრძალული ილეთი) - კამათის დროს ”პიროვნებაზე გადასვლა”.
მოსაუბრის არგუმენტების უარყოფის ფაზაში შთაბეჭდილებას ლაკონიური,აუჩქარებელი პასუხი ახდენს (ყოყმანი ვრცელ პასუხში უფრო შეიმჩნევა).განსაკუთრებიტ მაგიური ძალა აქვს ფრაზას ”იმიტომ რომ…” ხმამაღალი სწრაფი საუბრით პარტნიორს ექმნება შთაბეჭდილება რომ მისი დაყოლიება გინდათ.გაღიზიანებული ტონით ბრალდების წაყენების ნაცვლად,უმჯობესია პრეტენზიები კორექტული ფორმით გამოთქვათ, ან , უბრალოდ, მოყვეთ, თქვენ რას გრძნობთ. საერთოდ, ცნობილია, რომ მშვიდ ვითარებაში საქმე თავისთავად გვარდება.დაუთმეთ წვრილმანებში რათა საბოლოოდ თქვენ დარჩეთ მოგებული(ამასთან,არ შეიძლება დათმობის იოლად ”ჩუქება”).
გადაწყვეტილებების მიღება საქმიანი საუბრის დამამთავრებელი ფაზაა.ყველაზე ეფექტურია ბოლო სიტყვები ,ამიტომ ბოლოსთვის ყველაზე ძლიერ არგუმენტს იტოვებენ.თუ მოფიქრებისთვის დრო გჭირდებათ, გადაათვალიერეთ ქაღალდები ან გადით დროებით ოთახიდან.ამასთან სასურველია დატოვოთ ოთახი პარტნიორებთან ხანგრძლივი ,მძიმე საუბრის შემდეგ.
ექსპერტთა მონაცემებით ,საუკეთესო დრო საპასუხისმგებლო მოლაპარაკებისთვის ოთხშაბათი-ხუთშაბათი გახლავთ,14-16 საათებში.
საქმიანი საუბრის წარმატებას საფუძველი მომზადების დროს ეყრება:წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო რეაქციები,უნდა ვერიდოთ სადილს,ტკბილეულს (რასაც ჩვენი შემოქმედებითი ენერგია უშუალოდ საუბრის წინ მიაქვს),ხოლო საუბრისას თავი შევიკავოთ სიგარეტისაგან.დაბალი,სუსტი ხმით მოსაუბრეზე რჩებათ შთაბეჭდილება რომ მისი საქმეები ცუდადაა…პირიქით,საუბრისას უნდა დავტოვოთ თავშეკავებულის და კეთილგონიერის შთაბეჭდილება(მითუმეტეს,სიმართლე კამათისას შეიძლება ორივე მხარეს ახლდეს).არავის სურს,რომ უსამართლოდ ექცეოდნენ.საჭიროა გვქონდეს მოსაუბრის ამაში დარწმუნების უნარიც.ასეთი საქმიანი საუბრის კულტურის ყველა წესების დაცვით ჩატარებული საუბარი უკვე ცხოვრების გაკვეთილია.ეს აყალიბებს მენეჯერის პიროვნებას,დადებითად მოქმედებს მასზე.
და ბოლოს ,ძნელია ცხოვრების ყველა სიტუაციისთვის მზა რეცეპტების მოცემა.ასეთ შემთხვევებში გამოგვადგება საერთო ფორმულა:არავინ ელის ,რომ მოიქცეთ როგორც,მაგალითად,ინგლისელი ან ამერიკელი-უბრალოდ,მოიქეცით როგორც კარგად აღზრდილი ქართველი…
|