ოთხ, 2025-08-27, 10:01 AM
Welcome სტუმარი | RSS

ომარ შუდრა

File Catalog

მთავარი » ფაილები » მეთოდური და პოპულარული სტატიები

დროის ეფექტური მართვის თანამედროვე მეთოდები (ორტობიოტიკა)
[ ] 2012-01-30, 9:42 PM

დროის ეფექტური მართვის თანამედროვე მეთოდები (ორტობიოტიკა)

     XXI საუკუნე პოსტინდუსტრიული ინფორმაციული საზოგადოების (გლობალიზაციის) ეპოქაა, მაღალგანვითარებული ინფორმაციული ინფრასტრუქტურებით, რასაც ბუნებრივია, მოყვა ფასეულობათა ტრანსფორმაცია. ინდუსტრალურისგან განსხვავებით (საქონლის მოხმარება, ფული) ინფორმაციული საზოგადოების დამახასიათებელი ფასეულობაა დრო, რომლის ყიდვა (დაზოგვის მიზნით) სულ უფრო ძვირი გვიჯდება. ამრიგად, ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ, დროში შემჭიდროვებულ ეპოქაში, სადაც ბევრი პროფესიის "სიცოცხლის ხანგრძლივობაც” კი სულ უფრო მცირდება (აქ გამონაკლისია აგრარული საზოგადოება, მისთვის დამახასიათებელი შენელებული ცხოვრების ტემპით).
     ყოველი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია გარკვეული "დროითი მიდრეკილება”, იმისდა მიხედვით, რამდენად აკეთებს ის აქცენტს წარსულზე, აწმყოზე ან მომავალზე (მაგ.: ამერიკა მომავლით ცხოვრობს, წარსულით კი -ზოგიერთი ქვეყანა) .
    ანალოგიურად ამისა, პიროვნებებიც აზროვნებენ დროთი ჰორიზონტის ტერმინებში ("მომავალში”, "ახლა”, "წარსულში”). ეს განსხვავება კი ხშირად სოციალური (კერძოდ, ოჯახური) კონფლიქტის მიზეზიც ხდება. ერთდროულად "დროში ყოფნის (მიკუთვნების)” გრძნობა ადამიანისთვის თვისობრივად სხვადასხვა შეიძლება იყოს: ფატალური "ტყვეობიდან”, მის პიროვნულ გააზრებამდე. სოციოლოგების შეფასებით, რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო ჩამოვრჩებით, ანუ ცხოვრების გაზრდილი ტემპის გამო ვკარგავთ იმას, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ. მედიცინაში გაჩნდა ტერმინი "ინფანტილური რეგრესია”, რაც გულისხმობს ორგანიზმის (ზედმეტი გადატვირთვისგან) დაცვის სტიქიურ მექანიზმებს, კერძოდ, სტრესის მოხსნას "ბავშვობაში დაბრუნებით”. ადამიანები ჩაიკეტენ თავის თავში, აღარაფერი უნდათ, არაფერი უყვართ (აუტიზმი). საზოგადოებაში გაქრა თბილი ურთიერთობები (ეს განსაკუთრებით ჩინეთსა და იაპონიაში იგრძნობა).
     თუ ადრე ნერვიული დაძაბულობის მიზეზად დაწესებულება, სამსახური ითვლებოდა (სახლი, ოჯახი კი - პრობლემებისგან თავშესაფრად), ახლა ექსპერტებს სხვა მონაცემები აქვთ. ამიტომაც გაჩნდა ქრონიკური დაღლილობის სინდრომი (განსაკუთრებით – ქალებში).
     ვის არ გამოუცდია კარგად ორგანიზებული მუშაობის სწრაფი რითმისგან სასიამოვნო ეიფორია, მაგრამ რაღაც მომენტში მენეჯერი უნდა დაფიქრდეს, რა უჯდება მას ეს ძალისხმევა და როგორ აისახება მუდმივი დაღლილობა მის სულიერ ცხოვრებაზე.
     რაც შეეხება ჩვენს საზოგადოებას – ქართველი სამხრეთ ევროპელს ჰგავს დროსადმი (ისევე როგორც კანონისადმი და სამოქალაქო ცხოვრების წესისადმი) ირაციონალური, უპატივცემლო დამოკიდებულებით. არაა საიდუმლო, რომ შრომის დაძაბულობა ჩვენთან (ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში) ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასავლეთში – ჩვენ მუშაობას გადავეჩვიეთ (ამიტომაც გვიკვირს უცხოელ ექსპერტთა რეკომენდაციები).
     თანამედროვე ცხოვრებაში თავისუფალი დროის ცნების განსაზღვრა ძნელი გახდა და კიდევ უფრო ძნელი –მისი გაზომვა.
      დროის შემსწავლელი მეცნიერება არ არსებობს. დროის დანახვა, მოსმენა და აღქმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, დროის შესახებ არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მეცნიერული თვალსაზრისი:
1. დრო (ისევე როგორც სივრცე) არსებობს აპრიორულად, მატერიალური საგნებისგან დამოუკდიებლად.
2. დრო (ისევე როგორც სივრცე) არ არსებობს მატერიალური საგნების გარეშე, ის თვითონაა მატერიალური სუბსტანცია, არის ენერგიის წყარო, აქვს სიმკვრივე და ა.შ.
    დისკუსია ამ ორ კონცეპციას შორის დღემდე გრძელდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ კონკრეტული, პრაქტიკული რეკომენდაციები გვჭირდება. დროის ეფექტური მართვა კომპლექსური პრობლემაა (საქმეთა დელეგირება, მათი პრიორიტეტების დადგენა, დაგეგმვა, ორგტექნიკა და სხვ.). ის ახლოსაა რაციონალური, ჯანსაღი, გონიერი ცხოვრების წესთან (ორტობიოზი, ორტობიოტიკა), რელიგიის ძირითად მცნებებთან.
     მაღალი რანგის სპეციალისტები, პროფესიონალები, რომლებიც გეგმავენ დროს თვეებისა და წლების(!) მასშტაბით, ყველაზე დეფიციტური და მაღალხელფასიანი მუშაკები არიან ნებისმიერ საზოგადოებაში. ამრიგად, თანდათანობით იქმნება კვალიფიკაციაზე დაფუძნებული ახალი ელიტა, მასობრივი უმუშევერობის ფონზე.
   შრომის რაციონალური, მეცნიერული ორგანიზაციის ტრადიციული მეთოდები დიდი ხანია ცნობილია,*  ამიტომ, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ როის ეფექტური მართვის მხოლოდ უახლეს მეთოდებზე.
   ელექტრონული მონაცემთა ბაზა. ინფორმაციის ძიებაზე ტრადიციული მისამართების(ქაღალდის) ბლოკნოტებისგან განსხვავებით, ელექტრონული მონაცემთა ბაზა ნაკლებ დროს მოითხოვს (პროგრამები  Outlook, ACT, Goldmine და სხვ.). ელექტრონული ფორმით უფრო იოლია შესწორების, ახალი ინფორმაციის შეტანა, წაშლა და ა.შ
    ამ პროგრამებით შეიძლება საქმიანი კონტაქტების მართვა (მისამართები,     ტელეფონები, განსაკუთრებული დღეები, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიზიტებზე და ა.შ.). აგრეთვე, გავაკონტროლოთ წერილის შემოსვლის დრო, ახალი წერილის მიღებაზე მივიღოთ შეტყობინება (ავტომატურად), დავახარისხოთ საქაღალდეებში (განყოფილების ან ალფავიტის მიხედვით) შემოსული და გასული წერილები.
       თუ საქაღალდეების რაოდენობა დიდია, ყველაზე საჭირო მოათავსეთ სიის თავში. ლოგიკური საფაილო სისტემა, მოსახერხებელი სისტემით, თვეში რამდენიმე საათს დაგიზოგავთ.
     კომპიუტერის მონიტორის ეკრანზე ("სამუშაო მაგიდაზე") უნდა დავტოვოთ მხოლოდ აუცილებელი ნიშნაკები, რომელიც ერთი "დაწკაპუნებით" შეიძლება გაიხსნას. ამიტომ,საჭიროა ეკრანის ხშირი გაწმენდა, ნიშნაკების გადანაწილება My Documnets და სხვა საქაღალდეებში.
      როგორც კი დამტკიცდება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, "შავი” ვარიანტი იშლება (ცხადია, აქ იქნება გამონაკლისიც).
       არც თუ ისე მოსახერხებელია სავიზიტო ბარათების შესანახი ყუთები და თუნდაც "ალბომები", ამიტომ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის შემდეგ ბარათისაჭირო აღარ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული წერილის** სათაურის (თემის) შერჩევას. ის თუ გასაგებად ჩამოყალიბებული არაა და მხოლოდ საერთო ფრაზაა, პასუხსაც დაგვიანებით მიიღებთ.
    ბევრ დროს აკარგვინებს მენეჯერს საერთო, საოფისე (და არა პირადი) პრინტერიც,სოციალური ქსელების პირადი მიზნებით გამოყენება.
   სისტემატურად განაახლეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემა, მისი დანართები, ანტივირუსული პროგრამები. დროის დაზოგვაში ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნეტის მუშაობის სიჩქარე (სიხშირე). 
     ოფისის გარეთ, გზაში მუშაობისას დროის დაზოგვის ძლიერი საშუალებაა ჯიბის კომპიუტერი, რომელიც თქვენს საოფისე კომპიუტერთანაა სინქრონიზებული. საუკეთესო (თუმცა ძვირი) ვარიანტია მობილურ ტელეფონთან შეთავსებული, ინტერნეტში ჩართული ჯიბის კომპიუტერი. თუმცა, ყველაზე იაფიც, რომელშიც მისამართების სიაა შენახული, გვეხმარება მუშაობაში.
     მენეჯერთა უმეტესობას კომპიუტერი დამოუკიდებლად აქვს ნასწავლი, ამიტომ იყენებს პროგრამების (განსაკუთრებით, თვისებების) შესაძლებლობის მხოლოდ 25%-ს. კომპიუტერის კურსებზე შესწავლით ბევრ დროს მოიგებთ. 
   პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას საჭიროა (როგორც ყველაფერში) ზომიერების დაცვა: უახლესი პროგრამული პროდუქტების გამოყენებით ხშირად მხოლოდ დროს ვკარგავთ. ამიტომ, მოიცადეთ, დაე, სხვებმა გაარკვიონ, რომელიც მათგანი გაამართლებს მუშაობაში. 
    მენეჯერის ორგანაიზერი (კალენდარი) აუცილებლად უნდა იყოს ერთი, ცენტრიზებული. ე.ი. ან ელექტრონული ან ქაღალდზე ("დღიური” ბლოკნოტი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ცვლილებების შეტანა ორივე სისტემაში მოგიწევთ და საქმეები აგერევათ. თუ უპირატესობა უკანასკნელს მიეცით, ყველაზე მოსახერხებელია ჯიბის ზომის, რათა ოფისის გარეთაც (მგზავრობა, ლოდინი, შინ და ა.შ.) შეგვეძლოს მუშაობა.
   ელექტრონული ტექნიკის, კომპიუტერების ოფისებში დანერგვამ ქაღალდების რაოდენობა კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა.
      საქმიან ქაღალდებთან მუშაობა. აქ, სამწუხაროდ, კომპიუტერი ვეღარ დაგვეხმარება. კარგი მეთოდია საქაღალდე (ბაინდერი) ფაილის "ჯიბეებით”, რომელიც დალაგებულია ქრონოლოგიურად, 31 დღეზე, თემატურად (შინაარსით) ან ალფავიტით. ეს საქაღალდეები შეინახეთ მაგიდასთან ახლოს (უმჯობესია უკან) და მოაქციეთ ერთიან, თაროების სისტემაში: სასწრაფო, ხანგრძლივი, კლიენტთა საქმეები, საოფისე ცნობარები და სხვ. დანარჩენი დოკუმენტაცია შეინახეთ უჯრებსა და კარადებში. 
     შემოიღეთ საქაღალდე "წასაკითხი მასალა”, რომელსაც წაიკითხავთ კვირაში ერთხელ, დილით ადრე ან სამუშაო დღის ბოლოს. ფოსტით შემოსული დოკუმენტებისთვის კი უმჯობესია ფიქსირებული დრო გამოყოთ.
     წესად შემოიღეთ, რომ შემოსული წერილი, საერთოდ დოკუმენტი, ხელში მხოლოდ ერთხელ აიღოთ და უკან აღარ დაუბრუნდეთ (მაგალითად, საპასუხო ფრაზები წაკითხვისას იქვე ჩაინიშნეთ).
    ბევრი ქაღალდები თქვენს მაგიდაზე მხოლოდ ყურადღებას ფანტავს და მენეჯერზე მოუწესრიგებელი, არაპროდუქტიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
    მობილური ტელეფონი დროის დაზოგვის მიზნით, ოფისის გარეთ გამოიყენეთ მაქსიმალურად, მაგრამ არ მისცეთ მას უფლება, მართოს თქვენი დრო. ამიტომ, ნუ დააწერთ ტელეფონის ნომერს სავიზიტო ბარათს (ე.ი. იქონიეთ სპეცსავიზიტო ბარათიც), ყოველ ზარზე ნუ აიღებთ ყურმილს (უფრო სწორედ, დააყენეთ ის ვიბრატორზე). დროის დაზოგვაში ნომრის ამომცნობიც დაგეხმარებათ, თუ ხშირი კონტაქტების სია იქვე გექნებათ და ა.შ.
     როგორც ყველა საქმიანი საუბრისას, საკითხები დააფიქსირეთ დარეკვამდე (იძლევა დროის ეკონომიას და პროფესიონალის რეპუტაციას), ხოლო საუბრის შედეგები ჩაინიშნეთ მოკლედ და აკურატულად. თუ თქვენთან საუბარს იწყებენ ტრადიციული შესავლით (ზოგად თემებზე საუბრით), ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, კარგია ფრაზა: "ბოდიში, შეგაწყვეტინებ, ახლა სასწრაფო საქმე მაქვს, რით შემიძლია დაგეხმარო?”
    თქვენს ავტომოპასუხეზე ჩაწერისას ილაპარაკეთ თავშეკავებულად და არ მოითხოვოთ "დეტალური ინფორმაცია”. დროს დაზოგავთ, თუ მოითხოვთ "მოკლე შეტყობინებას” და "ზარის მიზანს”.
   თქვენთვის უცხო ოფისში შესვლისას (განსაკუთრებით, ქალაქგარეთ), პირველ რიგში დაადგინეთ სმენადობის ზონა.
    ძალიან მოსახერხებელია მობილურის ყურსაცმით მუშაობა (Blue Tooth ტექნოლოგია), რადგან ხელები თავისუფალი გვაქვს კომპიუტერისთვის, ჩანაწერებისთვის ან საჭისათვის. ამით ერთდროულად ვუფრთხილდებით ჩვენს ჯანმრთელობას (ნაკლებია დასხივება თავის არეში, საერთოდ კი საუბრის ხანგრძლივობა შეზღუდეთ 3 წუთით, ხოლო დღის განმავლობაში -30 წუთით).
   ადამიანები (პირველ რიგში, თანამშრომლები), მაინც ყველაზე მეტ დროს გვართმევენ. შეზღუდეთ მათი კონტაქტები (ჩაკეტილი, ან ოდნავ ღია კარი, გამორთული ტელეფონები, მიღების საათები, მტკიცე არა, ავეჯის განლაგება და სხვ.).
   ამერიკელების რეკომენდაციით (თუმცა ქართული მენტალიტეტი მას ეწინააღმდეგება) საქმისგან თავისუფალი თანამშრომლებისგან თავის დასაცავად დაჯექით ზურგით კარისკენ, მაგიდასთან მხოლოდ ერთი სკამი დატოვეთ (ისიც მაგიდაში შეწეული), თუ დაჯდებით ზურგით ფანჯრისკენ (როცა თქვენი სახე ცუდად ჩანს) ისინი კაბინეტში ნაკლებად შეყოვნდებიან, კიდევ ერთი რჩევა - მათ ფეხზე ამდგარი დახვდით. აქ გამოგადგებათ ფრაზა: "გამარჯობა, როგორ ხარ, (იქვე) რით შემიძლია დაგეხმარო?”
    თქვენი საქმიანი შეხვედრები (სატელეფონო საუბრები) დაგეგმეთ იმ საუკეთესო საათებზე, როცა "ფორმაში” ხართ ხოლმე. 
    თქვენს საქმიან მითითებებზე (ბრძანებებზე) ნაკლები დრო დაიხარჯება, ვიდრე ნაჩქარევი ტონით გაცემული ბრძანებით გამოწვეული ქაოსის გამოსწორებაზე. მუშაობის რითმის შენარჩუნებისთვის 3-5 წუთით ადრე გაიაზრეთ თქვენი შემდგომი მოქმედებები (განსაკუთრებით ოფისის გარეთ, გასვლით ღონისძიებებზე).
    შეეწყვეთ თქვენი ხელმძღვანელის მუშაობის სტილს, არ ებრძოლოთ მას. ჩაიწერეთ მისი მითითებები. დავალებული საქმე გააკეთეთ კარგად, დროულად და სხვაზე უკეთ. გადაეცით ყოველკვირეულად მას თქვენი საქმეების სია, გეგმები. ეს გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას.
   თათბირი (სემინარი, სხდომა, კონფერენცია), მართალია სასარგებლო და აუცილებელია, მაგრამ ტრადიციულად, ცუდი ორგანიზაციის გამო, ბევრ (50%-მდე) დროს გვაკარგვინებს. თათბირის ეფექტურობა რომ გაიზარდოს, როგორც მენეჯერს, ასევე თანამშრომლებს, თათბირის მონაწილეებს, სპეციფიკური უნარ-ჩვევები სჭირდებათ. ყველაზე დიდი შეცდომაა თათბირის დანიშვნა სამუშაო დღის ბოლოს (საუკეთესოა დრო სამუშაოს დაწყებამდე და შესვენების შემდეგ). თათბირი უფრო ეფექტურია, თუ დადგენილია დღის წესრიგის ყოველი პუნქტის (ისევე, როგორც თათბირის) დროის ლიმიტი, თუ ზარი (შეტყობიმება) თათბირის დაწყებაზე გაისმის მხოლოდ ერთხელ და ა.შ.
   დაბოლოს ყევლაზე მთავარია მენეჯერის ცხოვრების რითმი, რეჟიმი, რადგან დროის ეფექტური მართვა არა მარტო შრომის ორგანიზაციას, არამედ როგორც ორტობიოტიკა გვასწავლის, მთელი ცხოვრების ორგანიზაციას მოიცავს.
   ფსიქოლოგიურად, კარგი, მხნე დილა- წინა დღეზე (საღამოს დაგეგმვაზე) არის დამოკიდებული. თვითშთაგონებისთვის კარგია მუდამ მოფუსფუსე, წვრილმანი საქმეებით გადატვირთული ბარმენის მოდელი. საქმიანი ადამიანისთვის აუცილებელია "ერთსამსახურიანი” ცხოვრების სტილი მრავალმიზნიანი ცხოვრებით შეცვალოს (მაგალითად, ოფისში მომუშავე სპეციალისტი ერთდროულად სხვა დაწესებულებაში კითხულობს ლექციებს, წერს სახელმძღვანელოს, აქვს კერძო პრაქტიკა). საერთოდ, ეძებეთ სასიამოვნო ყოველ საქმეში.
   ცხოვრების გამოცდილების დაგროვებისთვის შემოიღეთ პირადი "ქრონოლოგიური” დღიური, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ მიმართავთ ხოლმე. ქრონოლოგიური დღიური, რომელიც სტუდენტობის ასაკში იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება, თვითაღზრდის, შეცდომებისგან დაზღვევის, შინაგანი მოწესრიგებულობის, ძილის წინ რელაქსაციის და ფსიქოთერაპიის აპრობირებული საშუალებაა.
     მას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს - საქმიანი ადამიანის ქრონოლოგიური არქივის როლს ასრულებს (ადვილად დაადგენთ 20-30 წლის წინ მომხდარი ფაქტის თარიღს). დღიური, თუ მას (დამატებითი ფაქტებისთვის) მხოლოდ ფურცლის ცალ გვერდზე ავსებთ, მომავალში მოგონებების წიგნის დასაწერად გამოგადგებათ.
    სამუშაო დღის შემცირება (გარკვეულ პირობებში) შრომის საუკეთესო ეფექტურობას იძლევა, ვინაიდან ინტენსიური, ხანგრძლივი შრომა იწვევს გადაღლას. აქ ეფექტური საშუალებაა ადამიანური, კეთილგანწყობილი, დემოკრატიული ატმოსფეროს შექმნა, დაწესებულებაში ქვევიდან ზევით ინფორმაციული ნაკადის, მოქნილი სამუშაო განრიგის ხელშეწყობა.
   რაციონალური დასვენება, დასვენების (პირველ რიგში, ფიზიკური) კულტურა პირადი საქმე არაა, რადგან ის შრომის ნაყოფიერებაზე მოქმედებს, ("ტრუდოგოლიკებს” ეს არ ესმით). თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები კვირა დღეს საქმეზე არ ფიქრობენ. უფრო მეტიც, საერთოდ არ კითხულობენ გაზეთებს (სათაურების გარდა), არ უცქერიან ტელევიზორის საინფორმაციო გადაცემებს.
   ამრიგად, დროის ეფექტური მართვის პრობლემის გადაჭრა მთელი ორგანიზაციის მასშტაბითაა საჭირო, ვინაიდან (თუნდაც, გავრცელებული ნეპოტიზმის გამო) რამდენიმე სუსტი მუშაკი შეიძლება უკან ეწეოდეს ყველას. უფრო მეტიც, მოუმზადებელი პერსონალი, პასუხისმგებლობის დელეგირების (რასაც ჩვენთან ყურადღება არ ექცეოდა) და საქმიანი ურთიერთობის დაბალი კულტურა, მოუმზადებელი თათბირები, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დროის ეფექტური მართვის, მისი ეკონომიის დონე არა ცალკეული ორგანიზაციის, არამედ მთელი საზოგადოების განვითარების დონეა...
     და მაინც, მაინც... დროის დაზოგვაში უკიდურესობანი არასასურველია. აქ ოქროს შუალედია საჭირო, რათა განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ორგანულად შეერწყას მსოფლიოში აღიარებულ ქართულ ფასეულობებს. არავინ გთხოვთ, რომ მოიქცეთ, როგორც ამერიკელი ან გერმანელი, უბრალოდ, მოიქეცით, როგორც კარგად აღზრდილი, მართლმადიდებელი ქართველი...
                                                                               ომარ შუდრა
–––––––––––––––
 * იხ. ო. შუდრა, როგორ დავზოგოთ და ვმართოთ დრო, მაკრომიკრო-ეკონომიკა #3, 1999წ.
** აშშ-ში ელ.ფოსტით წელიწადში 700 მლნ.შეტყობინება იგზავნება
Category: მეთოდური და პოპულარული სტატიები | Added by: omarshudra
Views: 1588 | Downloads: 0
მენიუ
კატალოგი
ბიოგრაფია
მეთოდური და პოპულარული სტატიები
წიგნი"ოფისის მართვის საკითხები"
ლექციები სხვადასხვა კურსებზე
ტესტები
მოგონებები
ძიება
Copyright MyCorp © 2025
Make a free website with uCoz